ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ჰამასი სამხედრო ბრიგადის მეთაურის სიკვდილს ადასტურებს

ისრაელის იერიში ღაზაში. 2023 წლის 10 ოქტომბერი.
MAHMUD HAMS / AFP

ჰამასი ადასტურებს, რომ ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ბრიგადის მეთაური მოკვდა. 

ჰამასის განცხადებაში ნათქვამია, რომ აიმან ნოფალი, რომელიც ტერორისტული ჯგუფის გენერალური სამხედრო საბჭოს წევრი და ცენტრალური ღაზის ბრიგადის სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი იყო, ბურეჯის ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად მოკვდა.

მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის ძალებმაც (IDF) დაადასტურეს აიმან ნოფალის მკვლელობა და პარალელურად საჰაერო თავდასხმის კადრები გამოაქვეყნეს. 

IDF-ის განცხადებით, ისრაელის საჰაერო იერიშს წინ უსაფრთხოების სააგენტო Shin Bet-ისა და სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ოპერაციები უძღოდა.

გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ნოფალი პასუხისმგებელია "ისრაელისა და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ არაერთ თავდასხმაზე".

ამასთან, IDF აღნიშნავს, რომ ჰამასის მეთაური ჩართული იყო იარაღის წარმოებაში და ასევე, მონაწილეობდა IDF-ის სამხედროს, გილად შალიტის გატაცებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ხაზგასმულია ისიც, რომ ნოფალი იყო "ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი პირი და დაახლოებული იყო მუჰამედ დეიფთან [ჰამასის სამხედრო ლიდერთან]".

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები