პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კობახიძე: დღეიდან ზურაბიშვილი პრეზიდენტად მხოლოდ ფორმალურად განიხილება

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ღირსება რომ შერჩენილი ჰქონდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ის თანამდებობიდან გადადგებოდა. კობახიძე ამბობს, რომ დღეიდან ზურაბიშვილი პრეზიდენტად მხოლოდ ფორმალურად განიხილება.

"დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარტივი ჭეშმარიტება დაადგინა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მრავალგზის, განზრახ და უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რითიც ის კონსტიტუციურ წესრიგსა და კონსტიტუციით დადგენილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას უხეშად დაუპირისპირდა. საკონსტიტუციო სასამართლოს უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი ჰქონდა ამოსახსნელი[...] ასევე, ამ გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მარტივი ჭეშმარიტება დაადასტურა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას მხოლოდ პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავენ და ახორციელებენ.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და მასზე დადებულ ფიცს უღალატა. მიმდინარე კვირაში 2020 წელს ქართველი ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის ღირსი აღარ არის, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. ზურაბიშვილს ელემენტარული ღირსება შერჩენილი რომ ჰქონდეს, ბუნებრივია, სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის თანამდებობიდან მყისიერად გადადგებოდა. თუმცა, ისიც გვესმის, რომ ზურაბიშვილი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის და ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების გარეშე, რომლებიც მას კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ. 

იმპიჩმენტის პროცედურა როგორც არ უნდა დასრულდეს, ჩვენ დასახულ მიზანს უკვე მივაღწიეთ - ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა რეაგირების გარეშე არ დარჩა, რასაც მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის გრძელვადიანი პრევენციული ეფექტი ექნება. დღეიდან სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად მხოლოდ ფორმალურად განიხილება. მისი უფლებამოსილების ბოლო, მე-6 წელს ზურაბიშვილი სრულად იქნება მოკლებული მორალურ და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და ამერიკული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. კოჭლ იხვად დარჩება, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ ნაცმოძრაობას არის ადევნებული". - თქვა კობახიძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. გადაწყვეტილება მერაბ ტურავამ გამოაცხადა. განსხვავებული აზრი მხოლოდ სამ მოსამართლეს - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს ჰქონდა.

"საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის დანაწესი.

სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. დასკვნა ძალაშია ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება" - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.

მოცემული საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებაა. ისინი შეაფასებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს. 

კომენტარები