ისრაელის ენერგიის მინისტრმა ისრაელ კაცმა X-ზე, ყოფილ Twitter-ზე, გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ იგი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის მიღწეული გადაწყვეტილების მომხრე იყო, რომლის მიხედვითაც ისრაელმა ღაზის სექტორის სახმრეთით წყლის მიწოდება აღადგინა.
კაცის თქმით, ეს გადაწყვეტილება ისრაელის ინტერესებში შედიოდა. ამის მიუხედავად, ისრაელ კაცი ეწინააღმდეგება ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ნივთების შეგზავნას, რადგან, მისი თქმით, მთავრობა "მოვალეა ჰამასის მიერ მოკლული ადამიანების ოჯახებისა და გატაცებული მძევლების მიმართ, და არა - ჰამასელი მკლელებისა და მათი დამხმარეების".
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა CNN-თან საუბრისას თქვა, რომ 15 ოქტომბერს მისმა ისრაელელმა კოლეგამ, ცახი ჰანეგბიმ ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორში წყლის მიწოდების აღდგენის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.
ღაზის სექტორს ისრაელის მხრიდან წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება 9 ოქტომბრიდან ჰქონდა შეჩერებული.





