ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

სალივანი: არსებობს ღაზის სექტორის კონფლიქტის ესკალაციისა და ირანის ჩართულობის რისკი

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი
AP Photo/Andrew Harnik, File

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, არსებობს ღაზის სექტორის კონფლიქტის ესკალაციის, ჩრდილოეთით მეორე ფრონტის გახსნისა და ირანის ჩართულობის რისკი.

სალივანის განმარტებით, სწორედ კონფლიქტის ესკალაციის საფრთხის გამო მიიღო აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ამერიკული ავიამზიდის გაგზავნის გადაწყვეტილება.

"შეშფოთებული ვართ მარიონეტული ძალებით. ლიბანური ჰეზბოლა, რომელიც ირანის მარიონეტული ძალაა – თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობებით და ისრაელის სახელმწიფოზე თავდასხმის ისტორიით. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახეთ შეტაკებები ჩრდილოეთ საზღვარზე, რაც მხოლოდ ზრდის ესკალაციის რისკს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ირანი რაიმე გზით პირდაპირ ჩაერთოს დაპირისპირებაში, უნდა მოვემზადოთ ყველა შესაძლო სიტუაციისთვის. პრეზიდენტმა სწორედ ეს გააკეთა". - თქვა სალივანმა.

14 ოქტომბერს პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ომის გაფართოების მცდელობის შესაკავებლად, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში კიდევ ერთ ავიამზიდს გაგზავნის.

Eisenhower CSG-ის ტიპის ავიამზიდი უკვე გაგზავნილ USS Gerald R. Ford-ს და სამხედრო ხომალდებს შეუერთდება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მშვიდობის მხარდასაჭერად. 


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები