ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენი: ჰამასი უნდა განადგურდეს, თუმცა ღაზის ოკუპაცია შეცდომა იქნება

ჯო ბაიდენი
POLITICO

15 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ საჭიროა, ჰამასი სრულიად განადგურდეს. ჯო ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ჰამასის განადგურების მიუხედავად, უნდა დარჩეს რაიმე გზა პალესტინური სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად. მისი თქმით, ღაზის სრული ოკუპაცია ისრაელის შეცდომა იქნება, თუმცა ტერორისტული ორგანიზაციები, ჰამასი და ჰეზბოლა უნდა განადგურდნენ.

ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკული არმიის ფრონტის ხაზზე ყოფნა აუცილებელია არაა და ისრაელის ჯარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოდ გაწვრთნილი საბრძოლო ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი აშშ-ს ჯარის კონფლიქტში ჩართვას არ ეთანხმება, ამერიკული სამხედრო გადამზიდი ხომალდები უკვე ხმელთაშუა ზღვაში ისრაელისა და ლიბანის საზღვრებთან დგანან.

აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლები ჯო ბაიდენს ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ. 


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

კომენტარები