ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასი ღაზის მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები, მიუხედავად IDF-ის გაფრთხილებისა

MAHMUD HAMS / AFP

ჰამასი ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს მოუწოდებს, არ დატოვონ თავიანთი სახლები, მიუხედავად ისრაელის შეიარაღებული ძალების გაფრთხილებისა.

ჰამასი "ფსიქოლოგიურ ომს" უწოდებს პალესტინელი მოსახლეობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სამხრეთით ევაკუაციის შესახებ ისრაელის შეიარაღებული ძალების მოწოდებას.

"ოკუპაცია ფართოვდება და ავრცელებს ცრუ პროპაგანდას სხვადასხვა საშუალებით, მიზნად ისახავს მოქალაქეების დაბნევას და ჩვენი შიდა ფრონტის სტაბილურობა შერყევას". - ნათქვამია ჰამასის განცხადებაში. 

აქამდე, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში გაეროს მისიას ადგილობრივი დროით დაახლოებით შუაღამისას უთხრა, რომ "ვადი ღაზას ჩრდილოეთით ღაზის მთელი მოსახლეობა მომდევნო 24 საათის განმავლობაში სამხრეთ ღაზაში უნდა გადავიდეს". ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დუჯარიკმა გაავრცელა.

"ეს დაახლოებით 1.1 მილიონი ადამიანია. იგივე ბრძანება ვრცელდება გაეროს სრულ პერსონალზე და მათზე ვინც თავშესაფრად იყენებს გაეროს ობიექტებს, მათ შორის, სკოლებს, ჯანმრთელობის ცენტრებსა და კლინიკებს”. - ამბობს გაერო.

განცხადების შემდეგ გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტომ (UNRWA) ცენტრალური ოპერაციების ცენტრისა და საერთაშორისო წარმომადგენლობის ღაზაში, ალყაში მოქცეული ტერიტორიის სამხრეთით განთავსების გადაწყვეტილება მიიღო


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები