ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ტრამპის აზრით ნეთანიაჰუ ჰამასის თავდასხმისთვის მზად არ იყო

დონალდ ტრამპი 2021 წლის 6 იანვრის დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ყოფილმა პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა, ხოლო ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ჯგუფი ჰეზბოლა შეაქო.

ტრამპის თქმით ნეთანიაჰუ არ იყო მზად ჰამასის თავდასხმისთვის, რომელსაც ისრაელელების გარდა 22 აშშ-ს მოქალაქის სიცოცხლეც შეეწირა.

ასევე გასულ დღეებში ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა რომ ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმა მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში არასდროს მოხდებოდა. 

საპასუხოდ 12 ოქტომბერს ისრაელმა და თეთრმა სახლმა ერთობლივად დაგმეს ყოფილი პრეზიდენტის ნათქვამი. 

"სამარცხვინოა, რომ ასეთი ადამიანი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ამგვარ  პროპაგანდას ეწევა და ისრაელის მებრძოლთა და მოქალაქეთა მიმართ გულსატკენ ინფორმაციებს ავრცელებს". - თქვა ისრაელის კომუნიკაციების მინისტრმა შლომო კარჰიმ.

გარდა ამისა, თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ენდრიუ ბეითსმა ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს "საშიში და უადგილო" უწოდა.

"ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტულ ორგანიზაცია რომელიმე ამერიკელმა მოქალაქემ რატომ უნდა შეაქოს". -  თქვა ბეითსმა.


ღაზას სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. 

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს. 

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები