ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი ბენ გურიონის აეროპორტში, თელ-ავივი
JACQUELYN MARTIN/POOL/AFP via Getty Images

ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში სოლიდარობის ნიშნად ჩავიდა

მას თელ-ავივში ჩასვლის შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი და სხვა ოფიციალური პირები შეხვდნენ.


"აშშ გვერდში უდგას ისრაელსა და მის ხალხს, და ჩვენ ყოველთვის მტკიცედ ვიდგებით ტერორიზმის წინააღმდეგ". - თქვა ბლინკენმა X-ზე, ყოფილ Twitter-ზე, გავრცელებულ განცხადებაში.

ბლინკენთან ერთად ისრაელში სპეციალური დიპლომატიური წარმომადგენელი მძევლების საკითხებში, სტივ გილენი ჩავიდა. მხარდაჭერის გამოხატვის გარდა, აშშ-ის დიპლომატიური მისიის მიზანი ჰამასისთვის მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვაა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბლინკენისა და ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა. ამასთან, პარასკევს, 13 ოქტომბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასსაც შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ჰუსეინ ალ-შეიხმა გაავრცელა.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ ქიფურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები. ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები