14 წლის გოგოს მკვლელობა

საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდეს

IPN

რუსთავის საქალაქო სასამართლომ საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად. გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გამოძიების ინფორმაციით, 2023 წლის ზაფხულში, ალიმ ასლანოვმა არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც მოზარდს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება.

"აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს" - აცხადებს პროკურატურა.

საგარეჯოში 14 წლის გოგო "ქმარმა" 6 ოქტომბერს მოკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. ის ოთხდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

კომენტარები