ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1 055-მდე გაიზარდა, 260 ათასზე მეტმა პალესტინელმა სახლი დატოვა

ქალაქ ღაზაში მდებარე შიფას საავადმყოფოს წინ დაღუპული პალესტინელების ცხედრებია დასვენებული, 2023 წლის 11 ოქტომბერი
Mustafa Hassona/Anadolu/Getty Images

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელის მიერ წამოწყებულ კონტრშეტევას ღაზაში, სულ მცირე, 1 055 ადამიანი ემსხვერპლა - დაჭრილია 5 184.

ამასთან, გაეროს მონაცემებით, 7 ოქტომბერს ჰამასის წამოწყებული ომის შემდეგ ღაზაში სახლი დატოვა 263 934-ზე მეტმა ადამიანმა, რაც 2014 წლის 50-დღიანი საომარი მოქმედებების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ისრაელმა პალესტინელებს მოუწოდა ღაზა დატოვონ და ეგვიპტეში გადავიდნენ, თუმცა, მშვიდობიან მოსახლეობას ამის საშუალება არ აქვს, რადგან სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტილია.

9 ოქტომბერს ისრაელმა ღაზას სრული ბლოკადა გამოაცხადა.

"ბრძანება გავეცი, რომ ღაზას სექტორი სრულ ალყაში მოვაქციოთ. არ იქნება არანაირი საჭმელი, დენი და საწვავი. ყველაფერი დაკეტილია. ჩვენ ვებრძვით ცხოველ ადამიანებს და შესაბამისად ვმოქმედებთ". – თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

იმავე დღეს, გაეროს შემწეობისა და დასაქმების სააგენტოს თქმით, პალესტინელი ხალხისთვის საკვების მიწოდების 14-ვე პუნქტის დახურვა მოუხდათ.

10 ოქტომბერს ჰამასის კონტროლირებულმა მთავრობამ თქვა, რომ რამდენიმე საათში სექტორს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდება.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი მართავს. 365 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე დაახლოებით 2.1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები