ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

კრემლმა კადიროვის მიერ ჰამასის თავდასხმების მხარდაჭერაზე კითხვებს უპასუხა

TASS

კრემლი კადიროვის გზავნილების შემდეგ პირველ კომენტარში ამბობს, რომ უსაფუძვლოა ბრალდება, თითქოს მოსკოვს ჰამასსა და ისრაელს შორის დაპირისპირება სურს.

ჟურნალისტების კითხვაზე, იზიარებს თუ არა კრემლი რამზან კადიროვის პოზიციას, რომელმაც მიმდინარე ომში ღაზის სექტორს გამოუცხადა მხარდაჭერა, პესკოვმა თქვა, რომ "ჩვენ ურთიერთობას ორივე მხარესთან ვინარჩუნებთ".

“რა თქმა უნდა, ჩვენ პალესტინასთან გვაქვს ხანგრძლივი ისტორიული კავშირი და კონტაქტი, მათ შორის უმაღლეს დონეზე, რომელსაც ვინარჩუნებთ, თუმცა, ასევე ბევრი საერთო გვაქვს ისრაელთანაც". - თქვა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერმა დასძინა, რომ მოსკოვი მზადაა ორივე მხარესთან თანამშრომლობით თავისი წვლილი შეიტანოს მშვიდობის მიღწევაში.

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა 9 ოქტომბერს საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პალესტინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და ღაზაში ჩეჩნური სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის სურვილი გამოთქვა.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორის მოსაზღვრე ქალაქებზე კონტროლი აღადგინეს, თუმცა დასახლებებში, შესაძლოა, ტერორისტები რჩებოდნენ.

კომენტარები