ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი თბილისს IPRM-ის ფორმატში შეხვედრების აღდგენას სთავაზობს

ODISHINEWS

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი მზად არის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში მუშაობა განაახლოს. ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ ისაუბრა.

მარიონეტი მინისტრის მოადგილის თქმით, შესაბამის წინადადებების პაკეტს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს სოხუმში ვიზიტის დროს წარუდგენენ.

"აფხაზურმა მხარემ მოამზადა წინადადებების კიდევ ერთი პაკეტი IPRM-ის ფორმატის განახლების მიზნით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ამჟამინდელ წინადადებებს სათანადო გამოხმაურება ექნება საქართველოში და ჩვენ შევძლებთ ამ ფორმატში მუშაობას. მიგვაჩნია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორმატია – ჟენევის პროცესის ნაწილი, ე.წ უსაფრთხოების ლოკალური მექანიზმი. 2021 წელს ოფიციალური წინადადება წარვადგინეთ, რომელიც ქართველ კოლეგებს გაეროს წარმომადგენლების მეშვეობით მივაწოდეთ". - თქვა ტუჟბამ.

ამავდროულად, მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო მინისტრის მოადგილემ სინანულით აღნიშნა, რომ წინადადების წარდგენიდან ორი წელი გავიდა, ქართულ მხარეს კი ამ დრომდე არ გამოუჩენია არანაირი აქტივობა ან სურვილი IPRM-ის ფორმატის გასაახლებლად.

ტაბულა გავრცელებულ ცნობაზე საქართველოს პოზიციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების კომენტარებს არ პასუხობენ.


გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრა 2018 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. ფორმატში მონაწილეობას იღებდნენ ე.წ. აფხაზეთი, საქართველო, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო.

კომენტარები