ისრაელი ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე იერიშების მიტანას აგრძელებს.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, მათ იერიში მიიტანეს 1 148 ობიექტზე, მათ შორის ბაზებზე, სადაც ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ძალები არიან განთავსებული.
პარალელურად, ტერორისტები გარღვეული საზღვრიდან ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევის მცდელობებს აგრძელებენ. გრძელდება ღაზიდან ისრაელის ქალაქების მიმართულებით სარაკეტო თავდასხმებიც.
გასულ საათებში ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნა კიდევ 16 დაღუპული სამხედროს სახელი. ჯამში მოვლენებს, ისრაელის ცნობით, 73 ჯარისკაცი ემსხვერპლა.
ღაზის სექტორის მოსაზღვრე რეგიონებში შეტაკებები ტერორისტებსა და თავდაცვის ძალებს შორის გრძელდება. მოქმედებები 6 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს.
ტერორისტების ნაწილი ქალაქებში, როგორიცაა ბეერი, კფარ აზა, ნირიმი და ალუმიმი, შაბათს დაწყებული შეჭრის შემდეგ რჩებიან, ნაწილმა კი საზღვარი გასულ საათებში გადაკვეთა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 70-მდე ტერორისტი შევიდა ქალაქ ბეერში.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის თქმით, მოკლულია 425 პალესტინელი ტერორისტი.
ბოლო მონაცემებით, მოვლენებს ემსხვერპლა ისრაელის 700-ზე მეტი მოქალაქე.





