რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სატელიტური ფოტოების მიხედვით, სევასტოპოლის პორტი ათამდე რუსულმა სამხედრო ხომალდმა დატოვა

სატელიტური ფოტოების მიხედვით, უკრაინის მიერ ყირიმზე თავდასხმების შემდეგ სევასტოპოლის პორტი რამდენიმე რუსულმა სამხედრო ხომალდმა დატოვა. 

ათამდე რუსულმა გემმა, მათ შორის, სადარაჯო ხომალდებმა და წყალქვეშა ნავებმა აღმოსავლეთით, ნოვოროსიისკენ გადაინაცვლეს. 

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) მიხედვით, 1-3 ოქტომბერს შორის გადაღებული სატელიტური ფოტოებით ჩანს, რომ რუსეთმა ორი სადარაჯო ხომალდი, სამი წყალქვეშა ნავი, ხუთი მსხვილი ხომალდი და რამდენიმე მცირე სარაკეტო გემი სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკენ გადაიყვანა.

უკრაინის ფლოტის სპიკერის, დმიტრო პლეტენჩუკის თქმით, რუსები საკუთარი საზღვაო ძალების მიმოფანტვით არიან დაკავებული, რადგან ხვდებიან, რომ ისინი უკრაინის საჰაერო იერიშების მიზანში არიან და ცდილობენ, საკუთარი ხომალდები მუდამ გადაადგილონ პორტებს შორის. 

ამის ფონზე, 5 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა.

ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ეს ემსახურება რუსეთისა და აფხაზეთის ფუნდამენტურ ინტერესებს და უსაფრთხოება ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია". – ამბობს ბჟანია. 

 

კომენტარები