საქართველო-ევროკავშირი

საქართველოს ტრადიციული ღირებულებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია – პაველ ჰერჩინსკი

პაველ ჰერჩინსკის შეხვედრა მეუფე შიოსთან (მუჯირი) და მღვდელმთავრებთან
საქართველოს საპატრიარქო

4 ოქტომბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს

როგორც საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველოსთვის მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რომელიც დღესაც არ დაუკარგავს.

ამასთან, მღვდელმთავრები, შიო (მუჯირი) და ჰერჩინსკი შეთანხმდნენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების გათვალისწინება აუცილებელია.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, ევროპა მისი ტრადიციების დაცვას შეუწყობს ხელს. 

"ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ევროპა არ ნიშნავს ეროვნულობის და სულიერ-კულტურული ფასეულობების დაკარგვას, პირიქით, ევროპა ხელს უწყობს განსხვავებული ერების დაახლოებას, მშვიდობიან თანაცხოვრებას და დასძინა, რომ ევროკავშირის წევრობით არამხოლოდ საქართველო მიიღებს სარგებელს, არამედ თავად ევროკავშირიც, რადგან საქართველო თავისი კულტურითა და ღირებულებებით მნიშვნელოვანი წევრი და შენაძენი გახდება ევროკავშირისთვის". – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

გარდა ამისა, საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ჰერჩინსკიმ ოკუპირებულ ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრებთა პრობლემების შესახებაც ისაუბრა.

"გულისტკივილით აღინიშნა, რომ ქართველებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილებისა და მათი გარდაცვლილი ახლობლების საფლავების მონახულებისა და მოვლის საშუალებაც კი". – წერია განცხადებაში.

კომენტარები