კარვების კანონი

NGO-ები პარლამენტარებს მოუწოდებენ, უარი თქვან "კარვების კანონის" მიღებაზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო [TI] და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED] "კარვების კანონის" შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერაზე, არ გააუარესოს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო ჩარჩო და უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა". - წერია განცხადებაში. 

მათი თქმით, სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები ბუნდოვანია და არ წარმოადგენს საკმარის მიზეზს მსგავსი კანონპროექტის ინიცირებისთვის. 

"დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციული დაკავებების იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომლის შესახებაც სამოქალაქო სექტორი წლებია საუბრობს. აღნიშნული კი მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი პროტესტი მის მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს ქართული ოცნების დეპუტატებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, მიზანი ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში დაგეგმილი არეულობის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებაა.

კომენტარები