რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში 31 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელი სამხედრო უკრაინული წარმოების Leleka-100-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით; უკრაინა, ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი.
Heidi Levine for The Washington Post

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ 4 ოქტომბრის ღამეს ბრიანსკის, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში 31 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით ოლქში 19 საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უკრაინული თავდასხმის შედეგად კი დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა ქალაქ ბელგოროდში, სახლი სოფელ შიშინოში და 3 ავტომობილი ბელგოროდის ოლქში. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.

ბრიანსკის გუბერნატორის ალექსანდრ ბოგომაზის თქმით ოლქში ერთი უკრაინული დრონი მოიგერიეს.

კურსკში ჩამოგდებული დრონების შესახებ ოლქის ადმინისტრაციას კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინული სადესანტო ჯგუფის გადმოსხმა აღკვეთა.

კომენტარები