#მსოფლიო

ნორვეგიაში ოჯახმა საკუთარ ბაღში მე-9 საუკუნის არტეფაქტები აღმოაჩინა

BBC-ს მიერ გავრცელებული არტეფაქტების ფოტო

ნორვეგიის პატარა კუნძულ ჯომფრულენდზე, ოჯახმა საკუთარ ბაღში 1000 წელზე უფრო ძველი დათარიღების არტეფაქტი აღმოაჩინა

აასვიკების ოჯახის წევრები ბაღში დაკარგულ საყურეს ეძებდნენ და ამისთვის მეტალის დეტექტორს იყენებდნენ. მართალია მათ საყურის პოვნა ვერ შეძლეს, თუმცა, თასის ფორმის ბალთა და კიდევ ერთი ნივთი იპოვეს, რომლებიც ვიკინგების დროინდელ სამარხს ეკუთვნის. არტეფაქტები აასვიკების ბაღის ცენტრში, დიდი ხის ქვეშ იყო დამარხული.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს ნივთები მე-9 საუკუნეში მცხოვრები ქალის სამარხს უნდა ეკუთვნოდეს. ერთ-ერთი ექსპერტის აზრით კი ეს ნივთები 750-დან 850 წლამდე უნდა თარიღდებოდეს.

"ვულოცავთ ოჯახს, რომელმაც ჯომფრულენდში პირველი სანდო, ვიკინგების დროინდელი აღმოჩენა გააკეთა". - წერს ვესტფოლდისა და ტელემარკის საოლქო საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის ორგანო სოციალურ ქსელში.

სპეციალისტებმა იცოდნენ, რომ კუნძულზე ბევრად უფრო ძველი დასახლებები არსებობდა, თუმცა, მტკიცებულებები მხოლოდ შუა საუკუნეებით თარიღდებოდა.

კომენტარები