რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დასახმარებლად NATO-მ €2.4 მილიარდის კონტრაქტები მოამზადა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში 28 სექტემბერს შეხვდა 
NATO-ს ოფიციალური ვებგვერდი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ NATO-მ მოკავშირე ქვეყნების შეიარაღების მარაგის შესავსებად და უკრაინის შეუფერხებლად დახმარებისთვის იარაღის კომპანიებთან 2.4 მილიარდი ევროს ღირებულების  კონტრაქტებზე მუშაობს. აქედან €1 მილიარდის ღირებულების კონტრაქტები უკვე ხელმოწერილია, დანარჩენზე კი ჩარჩო შეთანხმებაა მიღწეული.  

კონტრაქტებით გათვალისწინებული საბრძოლო მასალა მოიცავს 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებსა და შეიარაღებას ტანკებისთვის.

სტოლტენბერგის თქმით, გასულ წელს NATO მიხვდა, რომ უნდა შეავსონ წევრი ქვეყნების საბრძოლო მასალების მარაგები. შესაბამისად, იარაღის კომპანიებთან დადებული გარიგების ფარგლებში შეძენილი საბრძოლო მასალა NATO-ს მოკავშირე ქვეყნებს მარაგის შესავსებად  გადაეცემათ, რათა მათ შეუფერხებლად გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა და მისთვის საბრძოლო დახმარების გაწევა. 

სტოლტენბერგი კიევს ოფიციალური ვიზიტით დღეს, 28 სექტემბერს ეწვია. 29 სექტემბერს უკრაინის დედაქალაქში თავდაცვის ინდუსტრიების ფორუმი გაიმართება. ამას გარდა, მომდევნო კვირაში სტოკჰოლმში დაგეგმილია NATO-ს სამრეწველო ფორუმი.

კომენტარები