თალაკვაძე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებზე

თალაკვაძე პრეზიდენტის ვიზიტებზე: სტატუსის მიღების მიზანს აზარალებს კონსტიტუციის დარღვევა

Archil Talakvadze / Facebook

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პრეზიდენტის შეუთანხმებელი ვიზიტები კანდიდატის სტატუსის მიღების მიზანს აზარალებს. 

სალომე ზურაბიშვილი მის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის მიუხედავად ევროპელ ლიდერებთან ვიზიტებს აგრძელებს - მან შეხვედრები გამართა ლატვიასა და ესტონეთში, დღეს კი ლიტველ კოლეგას გიტანას ნაუსედას ეწვევა.

“ახლა, სრულად შეთანხმებულად უნდა შევძლოთ კანდიდატის სტატუსის მიღება და ბუნებრივია, ამ მიზანს აზარალებს, როდესაც ინსტიტუტებს შორის არის შეუთანხმებლობა და კონსტიტუციის დარღვევით ხდება საგარეო მიმართულებით აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება” - თქვა თალაკვაძემ.


სალომე ზურაბიშვილმა 31 აგვისტოს ბერლინში გერმანიის პრეზიდენტთან ვიზიტით დაიწყო ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად. 

როგორც შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, პრეზიდენტმა ევროპაში შეხვედრები მთავრობასთან შეუთანხმებლად გამართა. ქართული ოცნების მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილმა ამით კონსტიტუცია დაარღვია. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

კომენტარები