ეროვნული ბანკი

თურნავა: 600-მდე თანამშრომელი გვყავს, ზოგი წავა, ზოგი მოვა

სამი ვიცე-პრეზიდენტის ერთდროულად გადადგომა, რა თქმა უნდა, ეს იყო მძიმე ფაქტი, ეს იყო საკმაოდ უჩვეულო ამბავი, რამაც საკმაოდ დიდი შეშფოთება, კითხვები გააჩინა როგორც ორგანიზაციის შიგნით ასევე, გარეთ, რადგან იყო მუდმივად განხილვის საგანი.

მე ერთხელ ვთქვი და აღარ განვმეორდები, არ მინდა დამატებითი შეფასება გავაკეთო. ჩემი ყოფილი კოლეგები, მეგობრები არიან, მათ როგორც ჩანს თავისი მოსაზრებები ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ფაქტია და ვერავინ ვერ უარყოფს, რომ 3 მოადგილის ერთდროულად წასვლა, როდესაც სულ 7 ვიყავით და კვორუმი იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკს გამართულად ემუშავა, საჭირო იყო 5. 

ელემენტარული არითმეტიკის ამბავია, რომ ასეთი გადაწყვეტილება ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააგდებდა ეროვნულ ბანკს. თუკი ისინი ფიქრობდნენ, რომ გადაწყვეტილება იყო დავუშვათ, არასწორი, ამ გადაწყვეტილებით შეეძლოთ მთლიანად სისტემის პარალიზება, მაგრამ კარგია, რომ ამ დროს პარლამენტში წარდგენილი იყო ორი კანდიდატი და პარლამენტმა დროულად მიიღო გადაწყვეტილება. ახლა ჩვენ ამ კუთხით არაფერი არ გვემუქრება აბსოლუტურად, ქმედუნარიანია ჩვენი საბჭო, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თემა იყო.

რაც შეეხება ამა თუ იმ თანამშრომლის წასვლას - HR ახსენეთ და მრჩეველი, მერწმუნეთ, 600-მდე თანამშრომელი გვყავს, ზოგი წავა, ზოგი მოვა. მთლიანობაში ძალიან კომპეტენტური გუნდი გვყავს, ყველა თავის მოწოდების სიმაღლეზეა, ვერ გეტყვით, რომ კითხვები არ გაუჩნდათ, რა თქმა უნდა, ისინიც საზოგადოების წევრები არიან, ეროვნული ბანკი მათაც სტკივათ და მე მიწევს ძალიან ბევრი შეხვედრა, რადგან ერთი გუნდი ვართ და თუკი რაიმე კითხვა გაუჩნდათ, მინდა, რომ მივაწოდო სწორი ინფორმაცია ჩვენს მოტივებთან დაკავშირებით. არანაირი დესტაბილიზაცია არ არის, ყველა მუშაობს.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა პალიტრანიუსის ეთერში. 

ოთარ ფარცხალაძის გამო მიღებული საგამონაკლისო წესის გამო ეროვნული ბანკიდან სამი ვიცეპრეზიდენტის და ერთი მრჩევლის წასვლის შემდეგ, სებ-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც. ამას გარდა, ეროვნულ ბანკში შეიქმნა უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიცია. ნათია თურნავას მრჩევლის პოსტს ამ მიმართულებით მალხაზ ღუღუნიშვილი დაიკავებს

კომენტარები