რუსეთი-ირანი

რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ყარაბაღში არსებული ვითარება და 3+3 ფორმატი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინისა და ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

ირანის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს მადლობა გადაუხადა ირანის BRICS-ში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის. მხარეებმა განიხილეს ნაბიჯები, რაც უზრუნველყოფს BRICS-ის აქტივობებში ირანის თანდათანობით ჩართვას. 

კრემლის განცხადების მიხედვით, ორი ქვეყნის ლიდერებმა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება და აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება განიხილეს. კრემლის მიხედვით, პუტინმა მის კოლეგას ყარაბაღში რუსი სამშვიდობო ძალების მოქმედებების შესახებ უამბო და უთხრა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა უზრუნველყოს ყარაბაღში მყოფი ეთნიკურად სომხების უფლებების დაცვა. 

განცხადების მიხედვით, მხარეებმა ასევე 3+3-ის რეგიონული ფორმატის გააქტიურების სურვილი გამოთქვეს.

3+3-ის ფორმატის შესახებ ერთი კვირის წინ ირანის თავდაცვის მინისტრმა, მუჰამედ რეზა აშთიანიმაც ისაუბრა. 

ყარაბაღში დაწყებული და ამჟამად უკვე დამთავრებული საბრძოლო მოქმედებების ფონზე აშთიანიმ თქვა, რომ თეირანის რწმენით, 3+3 ფორმატი კავკასიაში სირთულეების გადაჭრის შესაბამისი გზაა. Tasnim-ის ცნობით, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო საზღვრების დაცვა ირანისთვის წითელი ხაზია.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

2021 წლის მარტში, საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი 3+3 ფორმატიც იყო. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონალურ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

აღნიშნული ფორმატის პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას თბილისის დელეგაცია არ დაესწრო, მხარეების სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშაც, რაც დაგმო საქართველოს საგარეო უწყებამ. 

პირველი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 3+3 პლატფორმაში საქართველოსთვის კარი ღია რჩება.

კომენტარები