აზია

ფილიპინებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მიერ დაყენებული ბარიერი გაარღვია

Philippine Coast Guard

ფილიპინების ხელისუფლება აცხადებს, რომ არ მისცემს ჩინეთს ფილიპინელი მეთევზეებისთვის სახრეთ ჩინეთის ზღვაში სათევზაო ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვის საშუალებას.

აღნიშნული კომენტარი მოჰყვა ფილიპინების მიერ სკარბოროს შელფთან ჩინეთის აღმართული 300 მეტრის სიგრძის მცურავი ბარიერის გარღვევას. ჩინეთმა ფილიპინების ქმედება გააკრიტიკა და მოუწოდა, შეეშვას პროვოკაციებსა და პრობლემების შექმნას. 

"ჩინეთი მყარად იცავს ჰუანგიანის კუნძულის (სკარბოროს შელფი) სუვერენიტეტსა და საზღვაო უფლებებს. ჩვენ ვურჩევთ ფილიპინებს, არ შექმნას პროვოკაციები და პრობლემები". – თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა.

ფილიპინების სანაპირო დაცვის სპიკერის, კომოდორ კაი ტარიელას მიხედვით, ჩინეთის მიერ აღმართული ბარიერები ფილიპინურ სათევზაო ნავებს შელფთან მისვლის საშუალებას არ აძლევს და ხელს უშლის თევზაობაში.

"მათ შესაძლოა კვლავ დააბრუნონ მცურავი ბარიერები და გააგრძელონ სახიფათო ქმედებები". – ამბობს ტარიელა CNN-თან. 

სკარბოროს შელფი სამხრეთ ჩინეთის ზღვის ერთ-ერთი მთავარი სათევზაო ტერიტორიაა, რომელიც ფილიპინებისგან 370 კილომეტრში მდებარეობს და საერთაშორისო საზღვაო კანონის მიხედვით, ფილიპინების ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას ეკუთვნის.

თუმცა, წლების მანძილზე აღნიშნული შელფი ტერიტორიული დავის საგნად არის ქცეული. ჩინეთი, ცნობილი "9-პუნქტიანი ხაზის" ფარგლებში სამხრეთ ჩინეთის ზღვის დიდ ნაწილს, მათ შორის სკარბოროს შელფსაც, საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

 

კომენტარები