მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ალიევმა პუტინს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების სიკვდილის გამო ბოდიში მოუხადა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფისი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს 20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების სიკვდილთან დაკავშირებით ბოდიში მოუხადა და "ღრმა მწუხარება" გამოთქვა. ამის შესახებ კრემლის პრესამსახური პუტინსა და ალიევს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით წერს

"ხაზი გაესვა იმას, რომ მომხდართან დაკავშირებით საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდება და ყველა პასუხისმგებელი პირი სათანადო სასჯელს მიიღებს. ამასთან დაკავშირებით, ორივე ქვეყნის გენერალური პროკურატურა ერთმანეთს ეკონტაქტება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე მსხვერპლთა ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ მზადყოფნა გამოთქვა". - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

გარდა ამისა, რუსული მხარის განმარტებით, ალიევმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას ყურადღება გაამახვილეს ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმების პროცესში რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის დახმარების როლზე.

"ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოლაპარაკებებს, რომელიც დაიწყო ბაქოსა და სტეფანაკერტის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობოების შუამავლობით. ასევე, განიხილეს პრიორიტეტული ნაბიჯები რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციასა და ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად. 

ვლადიმირ პუტინმა ყურადღება გაამახვილა ყარაბაღში სომეხი მოსახლეობის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე. აზერბაიჯანულმა მხარემ რუს სამშვიდობოებთან საკითხის ირგვლივ კომუნიკაციის მზადყოფნა დაადასტურა". - აღნიშნულია კრემლის განცხადებაში. 

გუშინ, 20 სექტემბერს გავრცელდა თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომლის თანახმად ყარაბაღში მათი სამშვიდობო კონტინგენტის მანქანას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შედეგადაც ავტომობილში მსხდომი სამხედროები დაიღუპნენ.

რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტდა, სანამ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიდნენ.

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა. შეთანხმების მიხედვით, სომხური ფორმირებები დაყრიდნენ იარაღს, დატოვებდნენ საბრძოლო პოზიციებს, მძიმე ტექნიკას გადასცემდნენ აზერბაიჯანს, ასევე გაიმართება შეხვედრები, რომლებზეც რეინტეგრაციის საკითხსა და ყარაბაღელი სომხების უფლებებს განიხილავენ.

სეპარატისტების ომბუდსმენი ამბობდა, რომ აზერბაიჯანის იერიშებს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო თვეების მანძილზე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე საკვების გზების ბლოკირების გამო მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის წინაშე იდგა. აზერბაიჯანმა დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკადა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. 2023 წლის ზაფხულში მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა შიმშილის პირას აღმოჩნდა. 12 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსული ჰუმანიტარული დახმარების მანქანა შეუშვა.

კომენტარები