მამუკა ფიფია

გავრილოვთან დაკავშირებული ბიზნესმენი, მამუკა ფიფია პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძემ შეუშვა

Screenshot/Instagram

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა და რუს დეპუტატთან, სერგეი გავრილოვთან დაახლოებულმა პირმა, მამუკა ფიფიამ Instagram-ის პირად ანგარიშზე საქართველოს პარლამენტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ფიფია პარლამენტის შენობაში ოცნების დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ შეუშვა. მისი თქმით, ამის შესახებ მან და მისმა თანაგუნდელებმა მხოლოდ ფოტოს გასაჯაროების შემდეგ გაიგეს.

"თვითონ ვასიკოც ძალიან გაბრაზებულია. ადამიანი შემოვიდა ჩვენთან შეხვედრაზე პარლამენტში და ტვირთავს ქართული გერბით დეპუტატის კაბინეტიდან ფოტოებს და ეს შემთხვევითი ამბავი, ჩემი აზრით არ არის". - ამბობს მდინარაძე.

მდინარაძის თქმით, ფიფია მთელი დღის განმავლობაში სთხოვდა ჩიგოგიძეს შეხვედრას და რადგან ამ დროს პარლამენტში სხდომები ტარდებოდა, რომლებსაც ოცნების დეპუტატი აუცილებლად უნდა დასწრებოდა, მან დაუშვა საშვი ფიფიასთვის. მდინარაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფია ჩიგოგიძეს მის ოთახში ელოდებოდა და სწორედ ამ დროს გადაიღო აღნიშნული ფოტოებიც. 


მამუკა ფიფია რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია, რომელიც მოსკოვი-თბილისის რეისით ჩამოსული დელეგაციის წევრთა შორისაა. ამავდროულად, მამუკა ფიფია სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული პირია.

 

კომენტარები