რასელ ბრენდი

ინგლისელ კომიკოსს რასელ ბრენდს გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს

ინგლისელ კომიკოსს რასელ ბრენდს გაუპატიურებაში, სექსუალურ ძალადობასა და ემოციურ ჩაგვრაში 4 ქალი სდებს ბრალს. 

ქალების ისტორიები გამოცემების Sunday Times და Times, ასევე სატელევიზიო არხის Channel 4 ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გავრცელდა.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით შემთხვევები 2006-2013 წლებში მოხდა. რამდენიმე შემთხვევა 2010-2012 წლებშია აღწერილი, როდესაც ბრენდი მომღერალ ქეითი პერიზე იყო დაქორწინებული.

ერთ-ერთი ქალის თქმით კომიკოსმა 2012 წელს ლოს-ანჯელესის სახლში გააუპატიურა. სავარაუდო დაზარალებულს აქვს მეორე დღეს გამოწერილი გაუპატიურების დამადასტურებელი სამედიცინო დასკვნა, ასევე ბრენდისგან მიღებული SMS-შეტყობინებები, რომლებშიც მსახიობი ბოდიშს უხდის "გუშინდელისთვის".

მეორე ქალის თქმით, რომელიც ურთიერთობის მომენტში 16 წლის იყო, ბრენდთან 3-თვიანი ურთიერთობა ჰქონდა. როგორც ქალი ყვება ბრენდმა სექსის დროს დაუკითხავად მოიხსნა პრეზერვატივი, ასევე რამდენჯერმე დააძალა ორალური სექსი.

კიდევ ორი ქალი მსახიობს თავდასხმაში და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. 

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ რამდენიმე ადამიანმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბრენდი მჩაგვრელი და კონტროლის მოყვარული ადამიანია. 

მსახიობმა მალევე ბრალდებებს საკუთარ Youtube არხზე გამოქვეყნებული ვიდეომიმართვით უპასუხა. კომიკოსი ყველა ბრალდებას უარყოფს.

"ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდებები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება. ის პერიოდი ჩემი კარიერის საუკეთესო წლებია, ვაღიარებ, რომ გარყვნილი ცხოვრების წესი მქონდა, მაგრამ ყველა გარყვნილი ქმედება მეორე მხარესთან ყოველთვის შეთანხმებული იყო". – ამბობს ბრენდი მიმართვაში.

კომენტარები