აშშ-ირანი

აშშ-მ ათობით ირანელ ოფიციალურ პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

Elizabeth Frantz/Reuters

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ათობით ირანელ ოფიციალურ პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. აღნიშნული პირები ჩართულნი იყვნენ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი გზით ჩახშობაში, რომელიც 2022 წელს თეირანში, პოლიციის პატიმრობაში მყოფ მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა.

სანქციები, რომლის სამიზნეც უსაფრთხოების მაღალჩინოსნები და სახელმწიფოსთან დაკავშირებულ მედიასაშუალებები იყვნენ, 15 სექტემბერს დაწესდა.

აშშ-ს სანქციები მაჰსა ამინის გარდაცვალების პირველ წლისთავს ემთხვევა. ამინი ირანის პოლიციამ ქვეყნის კონსერვატიული ჩაცმულობის კოდექსის დარღვევისთვის დააკავა.

ინციდენტმა ირანში მრავალკვირიანი დემონსტრაციები გამოიწვია, რასაც უსაფრთხოების ძალები მკაცრი დარბევით დაუპირისპირდნენ. 

"როცა ვუახლოვდებით მაჰსა ამინის ტრაგიკული გარდაცვალების ერთი წლის თავს, ე.წ. "ზნეობის პოლიციის" პატიმრობაში ყოფნის შემდეგ, გვახსოვს, რომ ქალებისა და მამაკაცების მოძრაობას ირანში საზარელი ძალადობა მოჰყვა." - თქვა აშშ-ს ხაზინის ჩინოვნიკმა, ბრაიან ნელსონმა. 

ნელსონმა დასძინა, რომ სანქციები ვაშინგტონის დასავლელ მოკავშირეებთან, მათ შორის კანადასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან კომუნიკაციით დაწესდა.

სანქციების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-მ და ირანმა პატიმრების გაცვლის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. მხარეები პატიმრებს, სავარაუდოდ, 17 სექტემბერს გაცვლიან.

კომენტარები