ოთარ ფარცხალაძე

ბლინკენი: აშშ–ს მთავრობის სამიზნეა ყველა, ვინც რუსეთს უკანონო ომის წარმოებაში ხელს უწყობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, 21 ივნისი, 2023.
REUTERS/Leah Millis/Pool

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის საპასუხოდ, 150-ზე მეტ ბიზნესმენსა და სუბიექტზე დამატებითი სანქციები დაწესდება.

ბლინკენის თქმით, აშშ-ის მთავრობა მიზნად ისახავს დაასანქციროს ყველა ის სუბიექტი, რომელიც ცდილობს თავი აარიდოს საერთაშორისო სანქციებს, ვინც ხელს უწყობს რუსეთს უკრაინასთან უკანონო ომის წარმოებისთვის და ვინც პასუხისმგებელია რუსეთის მომავალი ენერგეტიკული წარმოების გაძლიერებაზე.

ბლინკენი აზუსტებს რომ სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს 70-ზე მეტ სუბიექტსა და ფიზიკურ პირს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგეტიკული წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებაში, რუსეთის მეტალის და სამთო სექტორებში ოპერირებაში და რუს ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილებაში

ამასთანავე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აწესებს თითქმის 100 სანქციას რუსეთის ელიტასა და მის ინდუსტრიულ ბაზაზე, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ტექნოლოგიების მომწოდებლებზე, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის ერთ ოფიციალურ პირზე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში "რუსეთის მავნებლური საქმიანობის ხელშეწყობისათვის". 

გარდა ამისა, სახელმწიფო მდივანი განცხადებაში გამოყოფს ოთარ ფარცხალაძის საკითხს და მას "ქართველ-რუს ოლიგარქს" უწოდებს.

"სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც FSB–მ გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ". – წერს ბლინკენი. 

14 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარცხალაძის გარდა, სანქციები დაუწესდა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერს, ალექსანდრ ონიშჩენკოს. 

კომენტარები