ილონ მასკი

კარგად მომისმინე, ტაივანი ჩინეთის ნაწილი არ არის და არ იყიდება! – ვუ მასკს საყვედურობს

ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი და ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯოზეფ ვუ

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯოზეფ ვუმ ილონ მასკს უსაყვედურა და უთხრა, რომ კუნძული ჩინეთს არ ეკუთვნის და "არ იყიდება".

საქმე ეხება მასკის მიერ All-In Summit-ის მიმდინარეობისას გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მილიარდერი ამტკიცებდა, რომ ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია.

"მათი [პეკინის] პოლიტიკა იყო ტაივანის ჩინეთთან გაერთიანება. მათი თვალსაზრისით, შეიძლება ეს ჰავაის ანალოგია ან რაღაც მსგავსი, როგორც ჩინეთის განუყოფელი ნაწილი, რომელიც თვითნებურად არ არის ჩინეთის ნაწილი ძირითადად იმიტომ, რომ... აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტმა ძალის გამოყენებით ნებისმიერი სახის გაერთიანების მცდელობა შეაჩერა". - თქვა მასკმა.

ამას ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯოზეფ ვუმ მასკის სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) უპასუხა. პოსტში ვუმ დაწერა, რომ იმედოვნებს, მასკი ჩინეთს სთხოვს X აღარ დაბლოკოს. პეკინი X-ს, ისევე როგორც სხვა დასავლურ სოციალურ ქსელებს, ქვეყანაში ოპერირების უფლებას არ აძლევს და ბლოკავს.

"შეიძლება ის ფიქრობს, რომ მისი (X-ის) აკრძალვა კარგი პოლიტიკაა, ისევე, როგორც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელების კონტრშეტევის ჩაშლის მიზნით Starlink-ის გათიშვა... კარგად მომისმინე, ტაივანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი არ არის და ნამდვილად არ იყიდება". - დაწერა ვუმ.

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ფორმით ილონ მასკის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციისაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მასკმა რუსეთის ფლოტზე უკრაინის იერიშის შესაჩერებლად Starlink-ი გამორთო.

მოგვიანებით მასკმა თქვა, რომ კომპანიის სატელიტური კომუნიკაციის ხაზები არ გამოურთავს, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინის თხოვნაზე, რომ ისინი ჩაერთო, უარი განაცხადა.

მასკის კომენტარები ტაივანთან დაკავშირებით სიახლე არ არის. 2022 წლის ოქტომბერში მან პეკინსა და ტაიპეის შორის არსებული დაძაბულობის გადაჭრის გზად ტაივანის გარკვეული კონტროლის პეკინისთვის გადაცემა დაასახელა.

კომენტარები