რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ილონ მასკის თქმით, უკრაინულ მხარეს Starlink-ზე წვდომა აშშ-ს სანქციების გამო არ მისცა

ილონ მასკი

ამერიკელმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა თქვა, რომ უკრაინულ მხარეს Starlink-ის სატელიტურ კომუნიკაციებზე წვდომა ამერიკის სანქციების გამო არ მისცა. მასკმა ამის შესახებ All-in Summit-ის კონფერენციაზე ისაუბრა

ილონ მასკის თქმით, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე სატელიტური კომუნიკაციების მიწოდებისთვის მას აშშ-ს მთავრობის ნებართვა სჭირდებოდა. აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები, ამერიკულ ბიზნესებს რუსეთის და მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოპერირებას უზღუდავდა. 

"მე რომ მიმეღო პირდაპირი ბრძანება Starlink-ის სისტემის ჩართვაზე ამერიკის პრეზიდენტისგან ამას გავაკეთებდი, თუმცა ასეთი ბრძანება არ მიმიღია" - თქვა ილონ მასკმა. 

მასკმა ახსნა, რომ მას არანაირი სატელიტური კომუნიკაცია უკრაინული მხარისთვის არ გამოურთავს, არამედ უარი უთხრა მათ სპონტანურ მოთხოვნას Starlink-ის სისტემის ჩართვაზე. მან თქვა, რომ უკრაინის მთავრობას წინასწარი მოთხოვნა კომუნიკაციებზე წვდომის შესახებ არ გაუგზავნია, არამედ მსგავსი მოთხოვნა შუა ღამით მიიღეს. 


ცნობილი ბიოგრაფიული წიგნების, სტივ ჯობსი და აინშტაინი: სიცოცხლე და სამყარო-ს ავტორმა, უოლტერ ისააკსონმა წიგნი ამჯერად მულტი მილიარდერ ილონ მასკის ბიოგრაფიაზე დაწერა.

წიგნის ერთ-ერთ მონაკვეთში ისააკსონი წერს, რომ მასკმა Starlink-ის ინჟინრებს დაავალა ყირიმის სანაპიროს მახლობლად კომპანიის სატელიტური კომუნიკაციის ხაზების გამორთვა, რათა შეეჩერებინა უკრაინული ძალების იერიში რუსეთის სამხედრო ფლოტზე. 

2022 წელს, როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის წინ უკრაინას შეუწყდა კომუნიკაციის სისტემა, ილონ მასკმა უკრაინას მისცა Starlink-ის სატელიტური ტერმინალების გამოყენების საშუალება, რამაც ხელი შეუწყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო ოპერაციების განხორციელებას. 

თუმცა, ავტორის მიხედვით, მას შემდეგ, რაც უკრაინამ Starlink-ის გამოყენება დაიწყო თავდასხმით ოპერაციებისთვის, მასკმა გადააფასა საკუთარი გადაწყვეტილება.

2022 წლის 14 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX, რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ს უფასოდ აღარ მიაწვდის. 

CNN-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა პენტაგონს წერილი მისწერა,  რომლის მიხედვით, კომპანიას აღარ შეუძლია Starlink-ის სერვისის დაფინანსება და იმ შემთხვევაში, თუ პენტაგონს სურს უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული ძალებისთვის Starlink-ის სერვისის უფასოდ მიწოდება, მათ უნდა ის თვითონ უნდა დააფინანსონ, რაც მიმდინარე წლის ბოლომდე $120 მილიონზე მეტი ღირს, ხოლო შემდეგი 12 თვისთვის დაახლოებით $400 მილიონი. 

Starlink-ის გათიშვის შესახებ უკრაინელი სამხედროებიც საუბრობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ეს მათ წინსვლას აფერხებდა. 

უკვე 2023 წლის თებერვალში, SpaceX-ის პრეზიდენტმა, გვინ შოტველმა თქვა, რომ კომპანიამ მიიღო ზომები უკრაინული სამხედროების მიერ დრონების სამართავად კომპანიის სატელიტური ინტერნეტ სერვისის Starlink-ის გამოყენების შესაზღუდად.

Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის დანიშნულება, რომელიც უკრაინის სამხედროებს რუსეთის არმიისგან თავის დასაცავად კომუნიკაციაში ეხმარებოდა, შოტველის თქმით, არასდროს გულისხმობდა შეტევითი მიზნებისთვის მის ინსტრუმენტალიზაციას. 

კომენტარები