ილონ მასკი

მასკი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ჩინეთ-ტაივანის დაძაბულობის "გადაჭრასაც" ცდილობს

ილონ მასკი

მილიარდერი ილონ მასკი რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესაძლო შეთანხმების შეთავაზებიდან რამდენიმე დღეში უკვე ჩინეთსა და ტაივანს შორის დაძაბულობის გადაჭრას შეეცადა. მისი თქმით, კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს ტაივანის გარკვეული კონტროლის პეკინისთვის გადაცემით.

"ჩემი რეკომენდაცია იქნება ტაივანისთვის სპეციალური ადმინისტრაციული ზონის გამოყოფა - ეს რაციონალურად მისაღებია, თუმცა ალბათ ყველას არ გაახარებს", - აღნიშნა მასკმა Financial Times-თან ინტერვიუში.

პეკინი, რომელიც ტაივანს საკუთარ პროვინციად აცხადებს, დიდი ხანია პირობას დებს, რომ კუნძულს თავის კონტროლს დაუქვემდებარებს და არ გამორიცხავს ამისთვის ძალის გამოყენებას. ტაივანის მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩინეთის სუვერენიტეტის პრეტენზიებს და ამტკიცებს, რომ მხოლოდ კუნძულის 23 მილიონ ადამიანს შეუძლია გადაწყვიტოს ტაივანის მომავალი.

ჩინეთმა ტაივანს შესთავაზა ავტონომია "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" მოდელით, თუმცა ეს უარყო ტაივანის ყველა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ და ვერც საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვა.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიზნესმენის შეთავაზებაზე კომენტარი არ გაუვრცელებია.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა მასკის კომენტარის შეფასებისას აღნიშნა, რომ ტაივანი "შიდა საქმეა" და პეკინი გააგრძელებს მშვიდობიანი გაერთიანებისთვის ბრძოლას. 

ამ კვირის დასაწყისში მასკმა გაავრცელა გეგმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად: მისი თქმით, უკრაინამ რუსეთს სამუდამოდ უნდა დაუთმოს ყირიმი, გაეროს ეგიდით ჩატარდეს ახალი რეფერენდუმი რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ბედის დასადგენად და უკრაინა უნდა დაეთანხმოს ნეიტრალიტეტს. 

ილონ მასკის გამოკითხვას Twitter-ზე მწვავე შეფასებები მოჰყვა უკრაინის მხრიდან. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა კი აღნიშნა - "მასკი ყოჩაღია, ღირსია ოფიცრის წოდება ურიგოდ მივანიჭოთ".

კომენტარები