რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა შავ ზღვაში ბულგარეთის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა დაბლოკა

რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალებმა ბულგარეთის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა დაბლოკეს, რის გამოც იქ გემები ვეღარ მოძრაობენ. ბულგარეთის მხარემ დაიწყო მოლაპარაკებები NATO-სთან შავ ზღვაში რუსეთის პროვოკაციების საპასუხო ნაბიჯების შესახებ.

ინფორმაციას შავ ზღვაში ბულგარეთის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის ნაწილობრივი ბლოკადის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი, ტოდორ ტაგარევი ავრცელებს. 

ტაგარევის თქმით, რუსეთმა ბულგარეთის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის ნაწილი გემებისთვის დახურულად გამოაცხადა. რუსული მხარის ცნობით, ეს ბლოკადა სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ტოდორ ტაგარევმა ხაზი გაუსვა, რომ ბულგარეთი რუსეთის ამ ქმედებებს პროვოკაციად აღიქვამს. 

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნის ეკონომიკურ ზონაში რომელიმე გემზე თავდასხმა წარმოუდგენელია, რადგან ტერიტორიულ წყლებზე ბულგარეთის სუვერენიტეტი ვრცელდება და ნებისმიერი თავდასხმა ამ ზონაში აღქმული იქნება, როგორც თავდასხმა ბულგარეთზე და მთლიანად ალიანსზე. 

კომენტარები