რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ ოკუპირებულ ევპატორიაში სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა

აფეთქება ევპატორიაში

ოკუპირებულ ყირიმზე მდებარე ევპატორიაში გამთენიისას ძლიერი აფეთქების ხმები ისმოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ 11 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. 

პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის სპიკერის, ნატალია გუმენიუკის თქმით, იერიშები მიიტანეს აეროდრომის მიმდებარე სამიზნეებზე. მისი თქმით, ობიექტები, რომლებსაც დაარტყეს, სამხედრო დანიშნულებისაა.

დაუდასტურებელი ვერსიით, უკრაინული დრონების სამიზნე სოფელ უიუტნოესა და მალოჩნოეს შორის მდებარე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზა იყო.

რუსეთის საოკუპაციო მმართველობის წარმომადგენლებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამას გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გაანადგურეს უკრაინელების 5 უპილოტო კატერი, რომლებიც ხომალდ სერგეი კოტოვზე თავდასხმას ცდილობდნენ.

ოკუპირებული ყირიმისა და რუსეთის მაკავშირებელ ქერჩის ხიდზე მოძრაობა დროებით შეწყდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მათ დრონების თავდასხმა ბრიანსკის ოლქშიც მოიგერიეს.

გასულ დღეს უკრაინის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ხომალდების სარემონტო ქარხანაზე და დააზიანეს სადესანტო და წყალქვეშა გემები.

კომენტარები