რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა მიმდინარეობს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქალაქ ციალკოვსკის მახლობლად, კოსმოდრომ ვოსტოჩნიზე ხვდებიან.

ჩამოსვლისთანავე პუტინმა კიმს კოსმოდრომი რამდენიმე ობიექტი დაათვალიერებინა. ლიდერები ერთობლივ შეხვედრას გამართავენ. 

12 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში პირადი ბრონირებული მატარებლით ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ერთად რუსეთში ჩავიდნენ ქვეყნის სამხედრო შტაბის მაღალჩინოსნები. დასავლური დაზვერვის ინფორმაციით შეხვედრის მთავარი მიზანია ჩრდილოეთ კორეისგან იარაღის შეძენა. 

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, მხარეები ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების რუსეთისთვის მიწოდებას განიხილავენ. კორეის ლიდერი კი რუსეთიდან სასურსათო დახმარებას, ასევე კოსმოსური თანამგზავრებისთვისა და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების მიღებას ელის.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, თუ ფხენიანი მოსკოვს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად იარაღს მიაწვდის, ეს "ჩრდილოეთ კორეაზე კარგად არ აისახება და საერთაშორისო საზოგადოებაში ამისთვის ფასს გადაიხდიან".

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით რუსეთს აშშ-ს გაფრთხილება არ აინტერესებს.

კიმი საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტით ოთხი წლის განმავლობაში პირველად გაემგზავრა.

კრემლში განაცხადეს, რომ ლიდერები შეხვედრაზე ორმხრივ თანამშრომლობას, რეგიონალურ პრობლემებსა და საერთაშორისო ამბებს განიხილავენ.

კომენტარები