ჯო ბაიდენი

მაკკარტიმ წარმომადგენელთა პალატას ბაიდენის იმპიჩმენტის მოკვლევის გახსნის ბრძანება მისცა

ჯო ბაიდენი
POLITICO

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა კევინ მაკკარტიმ თქვა, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას აძლევს ბრძანებას, დაიწყონ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტისთვის მოკვლევა, რაც იმპიჩმენტის პროცესის დაწყების ფორმალური საფეხურია. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მოკვლევის დაწყების მიზეზი პრეზიდენტის ოჯახის ბიზნეს საქმიანობაა. 

მაკკარტის თქმით, წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის ოჯახის საქმიანობაში "კორუფციის კულტურა" შეამჩნია. ბრალდებების დიდი ნაწილი ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს საქმიანობას შეეხება. 

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯეიმს კომერმა 9 აგვისტოს ბაიდენის ოჯახის საგარეო ბიზნესის შესახებ საბანკო ჩანაწერების მესამე ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, ჰანტერ ბაიდენი და მისი ბიზნესპარტნიორები რუსი და ყაზახი ოლიგარქებისგან მილიონობით დოლარს იღებდნენ მაშინ, როდესაც ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი იყო.

"მაშინდელი ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი პირადად, მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში ხვდებოდა ამ პირებს ან მათ წარმომადგენლებს. მან [ჯო ბაიდენმა] ჰანტერ ბაიდენის უცხოელ ბიზნეს პარტნიორებთან დაახლოებით 20 სატელეფონო ზარი გამართა და უცხოელ ოლიგარქებთან ერთად ვაშხმებს ესწრებოდა - ისინი იყვნენ პირები, რომლებმაც ჰანტერ ბაიდენს უზარმაზარი თანხები გადაუხადეს". - წერია ანგარიშში.

ამას გარდა, გამოძიების სხვა ნაწილი ეხება ჰანტერ ბაიდენის მიერ 2017 და 2018 წლებში გადასახადების განსაზღვრულ ვადაში დაუფარველობას. 

ჰანტერ ბაიდენის პრობლემურ ბიზნეს საქმიანობასთან მრავალ სხვადასხვა ეტაპზე იკვეთება ჯო ბაიდენის ინტერვენცია, როდესაც ის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. 

კომენტარები