ევროკავშირი

ბორელი: ევროკავშირი გმობს არალეგიტიმურ არჩევნებს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/Yves Herman/File Photo

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გამართულ არჩევნებს გამოეხმაურა.

"8-10 სექტემბერს რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში მოეწყო არჩევნები

ევროკავშირი კატეგორიულად გმობს არალეგიტიმური, ე.წ. "არჩევნების" ჩატარებას ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში.

კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მორიგ მცდელობებს ლეგიტიმაცია და ნორმალიზება გაუკეთოს თავის უკანონო მმართველობას. ასევე ვგმობთ უკრაინის ტერიტორიის ანექსირების მცდელობას. ეს შემთხვევა საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების უხეში დარღვევა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაა. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და უკანონო ქმედებაში ჩართული პირები მომავალში პასუხს აუცილებლად აგებენ.

ეს უკანონო, ე.წ. "არჩევნები" ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთისა და მის მიერ უკანონოდ დასმული ხელისუფლების მხრიდან პასპორტების ძალდატანებით გაცემის(მათ შორის არასრულწლოვანთათვის), დეპორტაციის, იძულებითი გადაადგილებისა, ადამიანის უფლებების სისტემატიური დარღვევის, დაშინებისა და უკრაინის მოქალაქეების რეპრესიების ფონზე გაიმართა.

ევროკავშირი დიდ მადლობას უხდის ოკუპირებული უკრაინის იმ მაცხოვრებლებს, რომელთაც უკანონო ხმის მიცემის წინააღმდეგ გაილაშქრეს და დღემდე წინააღმდეგობას უწევენ რუსულ ოკუპაციას. 

გარდა ამის თავად რუსეთის ტერიტორიაზეც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე არჩევნები დიდი ზეწოლის ფონზე ჩატარდა. რუსულმა ხელისუფლებამ სამხედრო ცენზურის შემოტანითა და ოპოზიციური პოლიტიკოსების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებების და სხვა კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დევნით გააძლიერა შიდა რეპრესიები". – წერია ბორელის განცხადებაში.

10 სექტემბერს დასრულდა რუსეთის მუნიციპალური არჩევნები. არჩევნები ჩატარდა ასევე უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში, რაც უკრაინამ თავის მოკავშირეებთან ერთად დაგმო და საერთაშორისო კანონდარღვევა უწოდა. არჩევნები ჩატარდა 4 ოკუპირებულ ოლქში: დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ყველა ოლქში არჩევნები რუსეთის მმართველმა პარტიამ, Единая Россия-მ გაიმარჯვა. რუსეთი არ აკონტროლებს არც ერთ იმ ოკუპირებულ ოლქს სრულად, რომელშიც არჩევნები ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ არჩევნების დეტალური შედეგები რუსეთის ხელისუფლებას მყისიერად არ გამოუქვეყნებია.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ აუკრძალა სხვა ოპოზიციურ პარტიებს ამ რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობა. რუსეთის მიერ "უცხოურ აგენტად" შერაცხული ამომრჩეველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის თანათავმჯდომარემ, სტანისლავ ანდრეიჩუკმა, განაცხადა: "ეს არ არის ნამდვილი არჩევნები". ანდრეიჩუკის განცხადებით,  მისმა ორგანიზაციამ ოპოზიციური კანდიდატების დაკავებისა და მათ მანქანებზე ვანდალური თავდასხმის ფაქტები მიიღო.

კომენტარები