თურქეთი

თურქეთში Thodex-ის მფლობელს თაღლითობისთვის 11 196-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ფარუკ ფატიჰ ოზერი
GETTY IMAGES

თურქეთში კრიპტოვალუტის გაცვლის პლატფორმის, Thodex-ის მფლობელს, 29 წლის ფარუკ ფატიჰ ოზერს სასამართლომ 11 196-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მისთვის 40 562-წლიან სასჯელს ითხოვდა.

Thodex-ის მოულოდნელი კოლაფსის შემდეგ, 2021 წელს ოზერი ალბანეთში გაიქცა, თუმცა ივნისში მისი თურქეთში ექსტრადირება მოხდა, სადაც ფულის გათეთრებაში, თაღლითობასა და ორგანიზებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნეს.

სასამართლოზე ოზერმა თქვა, რომ მისი მიზანი დანაშაულებრივი არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოყვარულივით არ მოიქცეოდა.

"ჭკვიანი ვარ საიმისოდ, რომ დედამიწაზე ნებისმიერ ინსტიტუციას გავუძღვე. ეს კარგად ჩანს იმ კომპანიაშიც, რომელიც 22 წლისამ დავაარსე". - თქვა მან.

ოზერთან ერთად მისი და, სერაპი და ძმა, გუვენიც დააკავეს. ორივეს 11 196-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

2017 წელს დაარსებული Thodex-ი თურქეთში კრიპტოვალუტის გაცვლისთვის ყველაზე დიდი და პოპულარული პლატფორმა იყო, თუმცა 2021 წლის აპრილში პლატფორმამ მოულოდნელად კოლაფსი განიცადა. შედეგად კომპანიის ინვესტორებმა 356 მილიონი ლირა, მაშინდელი კურსით დაახლოებით 43 მილიონი დოლარი დაკარგეს.

2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობის ფარგლებში სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, თურქეთში მსგავსი, არაადეკვატურად ხანგრძლივი საპატიმრო სასჯელის დაკისრება იშვიათი არ არის.

2022 წელს სატელევიზიო კულტის მქადაგებელს, ადნან ოქტარს თაღლითობისა და სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის 8 658-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

კომენტარები