ლოს-ანჯელესში მერლინ მონროს ერთადერთ სახლს დაანგრევენ. მე-20 საუკუნის ლეგენდამ შენობა 1962 წლის თებერვალში შეიძინა და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა.
სახლი ამჟამად დეველოპერულ კომპანიას ეკუთვნის, რომელმაც შენობის დანგრევა გადაწყვიტა. გამოცემა Post-ის ცნობით კომპანიამ ქალაქის ადმინისტრაციისგან დანგრევის ნებართვა მიიღო.
ისტორიული შენობა ლოს-ანჯელესში, ბრენტვუდის უბანში, ჰელენა დრაივზე მდებარეობს. მთლიანი ტერიტორიის ფართობი 270 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მერლინ მონროს ყოფილი ქონება 8.35 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
1929 წელს აშენებულ შენობაში ოთხი საძინებელი და სამი სააბაზანო ოთახია. ერთ-ერთი ფანჯრიდან კი ძველი ჰოლივუდის ხედი იშლება.
ამ სახლში 1962 წლის 4 აგვისტოს მერლინ მონრო გარდაცვლილი იპოვეს. 36 წლის მსახიობის სიკვდილის მიზეზი ბარბიტურატებით ზედოზირება გახდა. ზუსტად უცნობია ზედოზირება უნებლიედ იყო თუ ჰოლივუდის ლეგენდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.