ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ მისი პირველი ტაქტიკური ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი წარადგინა

ჩრდილოეთ კორეამ პირველი ოპერაციული "ტაქტიკური ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი" წარადგინა. ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ფლოტს უკვე დაევალა აღნიშნული წყალქვეშა ნავის გამოყენება კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის ზღვის პატრულირებისთვის.

წყალქვეშა ნავის პრეზენტაციას დაესწრო ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი. მან აღნიშნა, რომ წყალქვეშა გემი, სახელად კიმ კუნ ოკ, იქნება ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ფლოტის წყალქვეშა თავდასხმითი ძალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. კიმმა ბირთვული არსენალის გაძლიერებაზე საუბრისას მიზეზად აშშ-ს, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მიერ რეგიონში ჩატარებული სამხედრო წვრთნები დაასახელა. 

"სწრაფი განვითარების მიღწევა ჩვენი საზღვაო ძალებისთვის არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რისი გადადებაც არ შეიძლება მტრის ბოლო დროინდელი აგრესიული ნაბიჯებისა და სამხედრო ქმედებების გათვალისწინებით". – თქვა კიმ ჩენ ინმა. 

ჩრდილოეთ კორეის მიერ აღნიშნული წყალქვეშა გემის გამოცდა მოსალოდნელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე თვის წინ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის საზღვაო ძალები ქვეყნის ბირთვული შეკავების ერთ-ერთი კომპონენტი გახდება და მისი თქმით, საზღვაო ძალები მზად უნდა იყვნენ, რომ "მტერში ომის სურვილი ჩაახშოს". 

კომენტარები