დენი მასტერსონი

გაუპატიურებაში ბრალდებულ მსახიობ დენი მასტერსონს 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

NBC

მსახიობ დენი მასტერსონს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურორის განმარტებით მასტერსონმა წარდგენილ ბრალდებებზე მაქსიმალური სასჯელი მიიღო.

47 წლის მსახიობი მიმდინარე წლის მაისში ლოს-ანჯელესის სასამართლომ გაუპატიურების ორ საქმეზე დამნაშავედ ცნო.

მასტერსონს გაუპატიურების სამ საქმეზე სდებდნენ ბრალს. შემთხვევები 2001-2003 წლებში მოხდა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა პოლიციას ჯერ კიდევ 2004 წელს მიმართა, მაგრამ სამართალდამცავებმა საქმე არ აღძრეს.

2016 წელს სამმა დაზარალებულმა სასამართლოს ერთობლივი საჩივრით მიმართა. მათი თქმით მასტერსონი სასმელში ნარკოტიკულ ნივთიერებას ურევდა და შემდეგ გონებადაკარგულ მსხვერპლს აუპატიურებდა. სასამართლო ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის გამოსატანად მეტი დრო დასჭირდათ.

ბრალდებების შემდეგ სტრიმინგ სერვისმა Netflix მსახიობი სერიალიდან The Ranch გაათავისუფლა.

მასტერსონი ყველა ბრალდებას უარყოფს, მისი ადვოკატები საქმის შეტანას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ .

მასტერსონი ადრეული ასაკიდან თამაშობდა ფილმებსა და სერიალებში. შესრულებული აქვს როლები ფილმებში Beethoven 2, Face/Off, The Faculty, Dracula 2000, Smiley Face, Yes Man და სერიალებში NYPD Blue, American Gothic, That's 70's Show, Robot Chicken, Dead Zone, Kim Possible.

კომენტარები