პრეზიდენტის იმპიჩმენტი

მდინარაძე: ზურაბიშვილი ევროპელებს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს, დაუკითხავად თავზე ადგება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აგდებს, როდესაც დაუკითხავად თავზე ადგება. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ადამიანი ოთხი დღე დაიკარგა, შემდეგ ისეთ ქვეყანაში, ისეთ ლიდერთან აღმოჩნდა, რომელთან შეხვედრაზე თანხმობაც არ ჰქონდა მოთხოვნილი – ის დემონსტრაციულად, კიდევ უფრო უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და შეფუთვის იმედად, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალსა და კანდიდატის სტატუსს ითხოვს, ევროპელი ლიდერებიც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან – რა უნდა თქვას ნებისმიერი ქვეყნის ლიდერმა, რომელსაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი თავზე ასე დაუკითხავად დაადგება?!". - თქვა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ პარალელი გაავლო ისრაელის კონსტიტუციასთან და აღნიშნა, რომ მათ პრეზიდენტს მთავრობის თანხმობის გარეშე ქვეყნიდან გასვლის უფლებაც კი არ აქვს. მისი შეფასებით, ისრაელის კონსტიტუციაში ეს განსაზღვრულია იმიტომ, რომ პრეზიდენტმა "ისეთი გასვლა შეიძლება მოახდინოს", რომ დამაზიანებელ განცხადებებზე უარესი იყოს – "დასასვენებლად წავიდეს, პირობითად, ჩრდილოეთ კორეაში".

"ძალიან უტრირებულია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი პრიგოჟინის დაკრძალვაზე ჩასულიყო – უკვე ხომ უკიდურესად დამაზიანებელი ჟესტია. თავის დროზე, ისრაელის კანონმდებლებმა და მოქალაქეებმა კონსტიტუციაში ამიტომ ჩაწერეს, რომ პრეზიდენტის ქვეყნიდან გასვლაც კი მთავრობის თანხმობას საჭიროებს, რადგან შეიძლება ისეთი გასვლა მოახდინოს, სალომე ზურაბიშვილი რომ აკეთებს ასეთ დამაზიანებელ განცხადებებზე უარესი იყოს – დასასვენებლად წავიდეს, პირობითად, ჩრდილოეთ კორეაში. ეს ხომ ისეთი ჟესტია, რაც სახელმწიფოს მხრიდან განაცხადია, რომ მისი პრეზიდენტი ამა და ამ ქვეყანაში ისვენებს". - თქვა მდინარაძემ.

კომენტარები