თბილისის მერია

კალაძე: აღმაშენებელზე 50-მდე კაფეს უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა

თბილისის მერია

დედაქალის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღმაშენებლის გამზირზე 50-მდე კაფეს გარე სივრცის დემონტაჟი დაადასტურა. როგორც კალაძემ აღნიშნა, კაფეებისა და რესტორნების მეპატრონეებს გონივრული ვადა მიეცათ, რათა გაეთავისუფლებინათ და მოეწესრიგებინათ გარე სივრცე. გარე სივრცეში მაგიდების განთავსების უფლება კაფეების მეპატრონეებს მერიამ პანდემიის დროს მისცა. 

"მაშინ დახურულ სივრცეში მეტი იყო ვირუსის გავრცელების რისკი, თუმცა სარისკო პერიოდმა გადაიარა და დროა, ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილი ტერიტორია მოწესრიგდეს. გამზირზე არსებული ვითარება სახანძრო თუ სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილებაში უშლიდა ხელს, რაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - თქვა კალაძემ.

თბილისის მერის ცნობით, ახლა 14 კაფეს აქვს მოქმედი საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო 7 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსგან აქვს თანხმობა მიღებული.

"ამ ეტაპზე, გამზირზე არსებული იმ კაფეების მაგიდები და სკამები, რომლებიც სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ნორმებს იცავენ, შეზღუდულ არეალშია განთავსებული, რომელიც არ ზღუდავს როგორც ფეხით მოსიარულეების, ასევე, სახანძრო ან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. მუნიციპალიტეტისგან შესაბამის ნებართვას ყველა მოქმედი ობიექტი მიიღებს, თუ დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. კერძოდ, ღია საკვები ობიექტის დიზაინი უნდა იყოს სადა და ისტორიული  თბილისის იერსახის შესაფერისი" - თქვა კალაძემ.

26 ივლისს დედაქალაქის მერმა აღმაშენებელზე მდებარე კაფე-ბარების მეპატრონეებს ერთთვიანი ვადა მისცა, რომ ობიექტებზე უნებართვოდ მოწყობილი ღია სივრცეების დოკუმენტაცია, ასევე ვიზუალური მხარე მოეწესრიგებინათ. მფლობელებმა ღია კაფეები თავად დაშალეს.

„მინდა, აღნიშნული კაფეების მეპატრონეებს თანამშრომლობისა და ტერიტორიის მოწესრიგებისთვის მადლობა გადავუხადო. არანაირი ძალის გამოყენება არ გახდა საჭირო. მიხარია, რომ არსებობს ნდობა ჩვენ შორის. აქვე გიდასტურებთ მზაობას, დაგეხმარებით, რომ ყველაფერი სწორად და კანონიერად გავაკეთოთ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები