პრეზიდენტის იმპიჩმენტი

გერმანიის საზმაუ: ოპოზიცია სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს, იმპიჩმენტის არშეერთების ნაცვლად

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

1-ელ სექტემბერს გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ ოპოზიციამ ზურაბიშვილს პირობები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც იმპიჩმენტს არ შეუერთდება, თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს.

"ოპოზიციამ პრეზიდენტს პირობები წარუდგინა – თუ ის პატიმრობაში მყოფ და აშკარად მძიმედ დაავადებულ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, იმპიჩმენტს არ შეუერთდებიან". – წერს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი.  

ამასთანავე, ოპოზიციის მიერ ზურაბიშვილისთვის წარდგენილ პირობებზე საუბრისას გერმანული საზმაუ წყაროებს არ იშველიებს. 

ტაბულამ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიმართ კითხვით – უარყოფდნენ თუ არა გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელში გავრცელებულ ამ ინფორმაციას.  

კითხვაზე პასუხად ენმ-მ გამოგვიგზავნა ტვიტი, სადაც აღნიშნულია, რომ იმპიჩმენტი არაკონსტიტუციურია და ხელისუფლების წამოწყებას გმობენ. 

"ნაციონალური მოძრაობა გმობს ამ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს და ეწინააღმდეგება იმპიჩმენტის პროცედურას, რომელსაც კონსტიტუციური საფუძველი არ აქვს. მოვუწოდებთ ყველა სხვა ოპოზიციურ ძალას, საქართველოს ევროპული მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე იმავე გააკეთოს". – აღნიშნულია X-ზე (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებულ ენმ-ს განცხადებაში. 


1-ელ სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იმპიჩმენტის დაწყების საფუძვლად კობახიძე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას ასახელებს, კერძოდ, კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში". 

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", რადგან 100 დეპუტატის ხმა სჭირდება, ეს კი, "რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას" მოითხოვს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე მიჩნევს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის "უხეშად" დარღვევა აიხსნება იმით, რომ სალომე ზურაბიშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას "საერთო პატრონები ჰყავთ და მას გარანტიები მათი მხრიდან აქვს მიღებული", შესაბამისად, კობახიძის თქმით, პრეზიდენტს "კოლექტიური ნაცმოძრაობის" მხარდაჭერის იმედი აქვს. 

ოცნება პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესს იწყებს – როგორია პროცედურა

კომენტარები