ტაილანდის მეფემ ქვეყნის ყოფილ პრემიერმინისტრს, ტაქსინ შინავატრას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე შეუმცირა.
ტაილანდური მედია იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ტაქსინს სასჯელის ერთი მესამედის, ანუ ოთხი თვის მოხდის შემდეგ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნაც შეეძლება. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერი ციხეში ხანმოკლე ყოფნის შემდეგ, ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობის გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტაქსინ შინავატრა 15 წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებისთანავე, 22 აგვისტოს დააპატიმრეს. ის თანამდებობიდან სამხედრო გადატრიალების შედეგად 2006 წელს ჩამოაგდეს და მონარქიის უპატივცემულობაში, კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. შინავატრა ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიდა და საპატიმრო სასჯელის თავიდან ასაცილებლად ტაილანდი 2008 წელს დატოვა.
სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებით მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნის შესაბამისი გადაწყვეტილება სამეფო გაზეთში გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა. ტაილანდი კონსტიტუციური მონარქიაა და მსჯავრდებულების შეწყალებაზე საბოლოო სიტყვა მეფეს ეკუთვნის.