ჩინეთი

ჩინეთის ოლქი ახალშეუღლებულ წყვილს $137-ით დააჯილდოებს, თუ პატარძალი 25 წლამდე იქნება

Shutterstock

აღმოსავლეთ ჩინეთის ჩანგშანის ოლქი ახალდაქორწინებულ წყვილებს 1000 იუანის ($137) ოდენობის ჯილდოს სთავაზობს. ფულად ჯილდოს წყვილები იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ პატარძალი 25 წლის ან უფრო ახალგაზრდა იქნება. 

განცხადებაში, რომელიც ჩანგშანის ოლქის ოფიციალურ WeChat ანგარიშზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ჯილდო ახალგაზრდების ქორწინების შედეგად შობადობის გაზრდის ხელშესაწყობად გაიცემა და მხოლოდ პირველ ქორწინებებს შეეხება. 

მთავრობის მიერ ივნისში გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წელს ჩინეთში ქორწინების მაჩვენებელი 6.8 მილიონი იყო, რაც 1986 წლის შემდეგ ქორწინებათა ყველაზე მცირე ყოველწლიური რაოდენობაა. ამასთან, მხოლოდ 2021 წელთან შედარებითაც კი, 800 000-ით ნაკლები ქორწინება შედგა.

სახელმწიფო მედიის ცნობით, რეკორდულად დაეცა ჩინეთში შობადობის მაჩვენებელიც, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში.

ერის სწრაფად დაბერების გამო, ჩინეთის ხელისუფლება შობადობის ასამაღლებლად ბავშვის მოვლის საშუალებების ხარისხის გაუმჯობესებისა თუ ფინანსურად წამახალისებელი პოლიტიკის გატარებასთან ერთად, მთელ რიგ ზომებს მიმართავს.

ჩინეთში ქორწინების მინიმალური ლეგალური ასაკი მამაკაცებისათვის 22, ხოლო ქალებისათვის 20 წელია. 

კომენტარები