ზელენსკი საქართველოზე

ზელენსკი: უკრაინის გამარჯვება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეწამყვან ნატალია მოსეჩუკთან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის გამარჯვება გახდება საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები.

"მიმაჩნია, რომ უკრაინის გამარჯვება წერტილს დასვამს და მე ბედნიერი ვიქნები ამ სახელმწიფოების ხალხის გამო. უკრაინის გამარჯვება გარდამტეხი იქნება მოლდოვისთვის და საქართველოსთვის, რომელიც დღეს არ არის ერთიანი" - თქვა ზელენსკიმ.

მან გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინის გამარჯვება ბელარუსში დემოკრატიის დაბრუნებასა და მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შესაძლებელს გახდის ისე, რომ ამისთვის სამხედრო გზა საჭირო არ იქნება.

კითხვაზე, თუ როგორი გამარჯვება წარმოუდგენია, ზელენსკიმ თქვა, რომ გამარჯვება ისე უნდა მოხდეს, რომ  ომის განმეორების შესაძლებლობას არ ტოვებდეს.

უკრაინის პრეზიდენტი დაჟინებით მოითხოვს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის  1991 წლის საზღვრებში აღდგენას. ამავდროულად, ზელენსკის თქმით, თუ უკრაინის არმია ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწევს, მაშინ შესაძლებელი გახდება რუსეთის დემილიტარიზაცია .

კომენტარები