ოკუპირებული აფხაზეთი

ბჟანია კვლავ ე.წ. მეორე ფრონტზე საუბრობს და სურს, საქართველოს მთავრობამ "ზეწოლას" გაუძლოს

ასლან ბჟანიას ინაუგრუაცია 

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ რუსულ სამთავრობო ტელევიზია ზვეზდას მისცა ინტერვიუ, რომელშიც კვლავ ე.წ. მეორე ფრონტის პროპაგანდისტულ ნარატივზე ისაუბრა.

რუსმა ჟურნალისტმა ბჟანიას ჰკითხა, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება "ოქროს შუალედის" შენარჩუნებას და "მეორე ფრონტის" გახსნასთან დაკავშირებით "დასავლეთის ზეწოლისთვის" გაძლებას.

ბჟანიას თქმით, მას სურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "ზეწოლას" გაუძლოს. მან მარტის დასაწყისში გამართულ აქციებს კვლავ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა.

"ძალიან მინდა, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ, ამ კონტექსტში, გაძლება შეძლოს. ყველაფერი ასე მარტივად არაა. ამ წლის აპრილში სიტუაცია ძალიან რთული იყო (გულისხმობს მარტის აქციებს). იქ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. ამასაც ვადევნებთ თვალს, ვიცით. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ გაუძლო. მომავალშიც შეძლებენ თუ არა, დარწმუნებით ვერ ვიტყვი. მაგრამ როგორც ვხედავთ, გაუძლებენ. 

მათაც სხვა ალტერნატივა არ აქვთ. ვერანაირ ომს, ვერანაირ საბრძოლო მოქმედებებს საქართველო ვერ მოიგებს, ამ მხრივ, ომის გზით, ვერანაირ მიზანს მიაღწევენ. დროა გაიგონ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მით უმეტეს კავკასიაში. ომი არ გვინდა, მაგრამ მოვლენების ნებისმიერი ცვლილებისთვის მზად ვართ". – თქვა ბჟანიამ.

პროპაგანდისტმა მარიონეტ ლიდერს ასევე ჰკითხა, როგორ ხედავს საქართველოსთან მოლაპარაკებების პერსპექტივებსა და რა უშლის თბილისს ხელს ე.წ. თავდაუსხმელობის შეთანხმების გაფორმებაში.

ბჟანია თვლის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო აზრი არ არსებობს, თუმცა, მისივე მტკიცებით, ზოგ ადამიანებს ესმით, რომ ეს შესაძლებელია და მსგავსი ადამიანების რიცხვი იზრდება.

"იქაც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური პროცესები ხდება. როგორც ვხედავ, აფხაზეთის საკითხზე ერთიანი, კონსოლიდირებული აზრი არ არსებობს. საქართველოს საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ ეს რეალურად გამოვიდოდა და საჭიროა მიწოლა. არიან ასეთი ადამიანები და, სხვათა შორის, მათი რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ამას, ალბათ, არასდროს შეეგუებიან". – თქვა ბჟანიამ.

კომენტარები