ოკუპირებული აფხაზეთი

შამბა მედვედევს: აფხაზეთში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთთან შეერთებას ითხოვს

სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ უპასუხა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სიტყვებს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით.

"ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე. ეს ლოგიკური მისწრაფებაა, გაერთიანდნენ ჩრდილოეთ ოსეთთან და ვიმედოვნებთ, ადრე თუ გვიან ეს მოხდება. რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენთან არ არსებობს ასეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს". – თქვა შამბამ.

შამბამ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში "ყველა პოლიტიკური ძალა" რუსეთთან ახლო და სამოკავშირეო ურთიერთობას ემხრობა.

ამას გარდა, შამბას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი, ასლან ბჟანია მომავალ დღეებში დმიტრი მედვედევს შეხვდება.

აქამდე რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთებით იმუქრებოდა.

"არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. ძველებურად მზად ვართ პრობლემები მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით გადავჭრათ. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურად გამოიკვეთება, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა ძველებურად პოპულარულია. და სავსებით შეიძლება მისი რეალიზება, თუ საფუძვლიანი მიზეზები გაჩნდება". – წერდა მედვედევი სტატიაში.

კომენტარები