ინალ არძინბა

არძინბა: ჩვენ პრაქტიკულად არცერთ რუკაზე არ ვართ, გარდა რუსულისა

ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას თქმით, აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ არის მონიშნული მსოფლიოს არცერთ რუკაზე, მაგრამ რუსეთი ამ "უსამართლობის დაძლევაში" ეხმარება. 

"ჩვენ რუსეთის რუკაზე ვართ. ჩვენ არ ვართ არც ამერიკულ და არც ევროპულ რუკაზე, არ ვართ თურქეთის რუკაზე. ჩვენ პრაქტიკულად არცერთ რუკაზე არ ვართ, გარდა რუსულისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენი რუსი მეგობრები გვეხმარებიან ამ უსამართლობის დაძლევაში... ჩვენ მოვახერხეთ ძალიან სერიოზული სახელშეკრულებო და სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბება. 2008 და 2014 წლებში გაფორმდა ორი შეთანხმება. ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან". - ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.

აღსანიშნავია, რომ არძინბა 2008 წლის 17 სექტემბრის "რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებასა" და  2014 წლის 24 ნოემბრის "რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაზე" საუბრობს. 

"ეს შეთანხმებები შეიცავს ყოვლისმომცველ მხარდაჭერას აფხაზეთის რესპუბლიკისთვის და რუსეთის ფედერაცია სრულად ასრულებს ამ ვალდებულებებს". - დასძინა არძინბამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთს 2008 წლიდან 110 მილიარდი რუბლის ოდენობის ფინანსური დახმარება გაუწია. 

მან ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა მინსკთან ურთიერთობის საკითხზეც. 

"თუ ბელარუსის რესპუბლიკა აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის!" - თქვა მან. 

გარდა ამისა, არძინბამ ჟურნალისტებთან საუბარში შეშფოთება გამოთქვა საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის გაწეული მნიშვნელოვანი ხარჯების შესახებ.

"საგანგაშო სიგნალია, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა. საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ ქართული რადიკალური შენაერთები უკრაინის ტერიტორიაზე ფაშიზმისა და ნეონაციზმის მხარეს იბრძვიან. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ ბატონი სააკაშვილის მსგავსი ადამიანები საქართველოში დაბრუნებას ელოდებიან, რათა კვლავ მოვიდნენ ხელისუფლებაში. პირველი, რის გაკეთებასაც გეგმავენ, არის პროვოკაცია პირდაპირ საზღვარზე და ამერიკელების დავალებით შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღება. ბატონ სააკაშვილს, ამ გამოთაყვანებულს, მაპატიეთ გამოთქმისთვის, შურისძიება უნდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, შურისძიება არ იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის ყველა საჭირო ოპერატიული ინფორმაციის შეგროვება. ჩვენ ამას ვაკეთებთ - გავაკეთოთ სერიოზული ანალიტიკა, გამოვიტანოთ სერიოზული დასკვნები". - აღნიშნა არძინბამ. 

კომენტარები