რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ეროვნული გვარდია: აზოვი აღდგენილია და ხელახლა ასრულებს საბრძოლო დავალებებს

აზოვის მეთაური დენის პროკოპენკო მებრძოლებთან ერთად ტაქტიკურ სწავლებებზე.
აზოვი

უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელმა, მიკოლა ურშალოვიჩმა განაცხადა, რომ ბრიგადა აზოვი, რომელიც ქალაქ მარიუპოლს იცავდა, ფრონტზე დაბრუნდა.

"ლეგენდარული სპეციალური დანიშნულების ბრიგადა აზოვი აღდგენილია და დაიწყო საბრძოლო მოქმედებების შესრულება სერებრიანსკის ტყის რაიონში". – განაცხადა ურშალოვიჩმა. 

ეროვნული გვარდიის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აზოვის მებრძოლებს "საიმედოდ უკავიათ დაკავებული მონაკვეთი და მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და ტექნიკას მძიმე დანაკარგებს აყენებენ".

2022 წლის გაზაფხულზე უკრაინელი საზღვაო ქვეითები და აზოვის პოლკი თითქმის 2 თვე ალყაში იყვნენ მოქცეული, ქალაქ მარიუპოლში მდებარე ქარხანა აზოვსტალში. მაისის შუა რიცხვებში აზოვსტალის მცველებმა მეთაურების ბრძანების შემდეგ საწარმოს ტერიტორია დატოვეს და ტყვედ ჩაბარდნენ.

2022 წლის სექტემბერში აზოვსტალის დაცვის ლიდერები, მათ შორის აზოვის მეთაური დენის პროკოპენკო, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის შეთანხმების საფუძველზე, მოსკოვმა თურქეთში გაგზავნა შეთანხმებით, რომ ისინი თურქეთში ომის ბოლომდე დარჩებოდნენ. თუმცა 2023 წლის ივლისში აზოვის მებრძოლები სამშობლოში დაბრუნდნენ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, როცა ის თურქეთში გამართული ვიზიტიდან ბრუნდებოდა. რუსეთმა თურქეთი და უკრაინა შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

ივლისის შუა რიცხვებში პროკოპენკო პოლკის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. აზოვის პრესსამსახურმა მაშინ გაავრცელა ცნობა, რომ პროკოპენკო სამხედრო სამსახურში დაბრუნებას აპირებდა მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციას გაივლიდა.

კომენტარები